Wednesday, April 27, 2011

სურათი

მთაწმინდის მთვარე

მიბმული ფაილი

შუალედურის ფაილი

სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

ია

ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი
ნუკრის თვალებით, თმით - მიმოზებით.
და მწუხარების მალე ნიავში
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.

შეშლილი სახით ჯიოდა ქუჩა,
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!
მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა
და გაისმოდა დების სიმღერა.

1915

ხელოვნება

ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით,
დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით?
გადიარეს გრიგალებმა, დღეს ეს წიგნი არვინ იცის,
და ჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის.

დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე,
ვწერდი ჟინით, ვწერდი ვნებით... და ჰა, იგი დავათავე.
და ვფიქრობდი: ჩემს შავს წიგნში თუ არს-მეთქი რამ ისეთი,
რომ არ აჩნდეს მწარე გესლი, რომ არ აჩნდეს სისხლის წვეთი?

და მეწვია შემდეგ ეჭვი, და მომწყინდა იგი მცნება.
ვთქვი: "სხვას რას აქვს ფასი ქვეყნად, რომ არ იყოს ხელოვნება"!..
მაგრამ ჩემში საუბრობდა მეორე ხმა, ხმა ფარული: -
"ხელოვნება - ეს ოქროა მიწის გულში დამარხული.

ხელოვნება მარგალიტს ჰგავს, მას ზღვა ფარავს შეუცვლელი,
რას იშვიათ თუ მისწვდება კაცის გული, კაცის ხელი...
არის წმინდა პოეზია და მუსიკა არის შორი,
მაგრამ ქვეყნად არ არსებობს - ის ალერსი, ის ამბორი.

არის საღვთო ბილიკები ამ სივრცისკენ მიმავალი,
აირჩიე მათგან ერთი, აირჩიე ერთი კვალი!"
შავი წიგნი არ თავდება, შავი წიგნი შუა წყდება...
მას იქით კი კაცის გრძნობა და გონება ვერას წვდება.

1909

მერი

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა! აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.
იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.
მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?
ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.
ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.
ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.
და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.
სთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?
ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭრდი შუქს მოკამკამეს?
ან „მესაფლავეს" რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს"?
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.
1915

გალაკტიონ ტაბიძის სურათი

მოკლე ბიოგრაფია

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა სოფელ ჭყვიშში. პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 19101911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 19171918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 წელს გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" ავტორს "გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანეს. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა "გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს". 1924 წელს იგი იყო ჟურნალ "მნათობის" ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.
უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც,რომელმაც პოეზიას ახალი სიციცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქმნილება შესძინა.
გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. "პოეტების მეფემ" სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ქართველი პოეტები

ქართველ პოეტებს ვინ მოსთვლის?! ისინი უძველესი დროიდან აქებდნენ ჩვენი ქვეყნის მინდორ-ველებს, სახელოვან მეფეებსა და მებრძოლებს, წამებულებს და ქართველთა თავგანწირულ შვილებს.
ჩემი საყვარელი პოეტებია შოთა რუსთაველი,  გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, ვაჟა-ფშაველა, აკაკი წერეთელი, ნიკოლოზ ბარათაშვილი და სხვა მრავალი......
მე ყველა მათგანზე ახლა საუბარს ვერ მოვახერხებ და კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებით ტკბობას.

რა არის პოეზია?

პოეზია (ბერძნ.: ποίησις "ვქმნი") — ხელოვნების უძველესი ფორმა, რომელშიაც ენა გამოიყენება მისი ესთეტიკური თვისებების გამო, მის მნიშვნელობასთან ერთად (ან ნაცვლად). მისი განსაზღვრის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მცდელობა არისტოტელეს მიერ ყურადღებას ამახვილებს სიტყვის გამოყენებაზე რიტორიკაში, დრამაში, სიმღერასა და კომედიაში.[1]
1. ფართო მნიშვნელობით მთელი მხატვრული ლიტერატურა, წარმოდგენილი პროზითა და პოეზიით.
2. მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც განსხვავდება პროზისგან მხატვრული ენის სხვადასხვაგვარი მეტრულ-რიტმული ორგანიზაციით, ე.ი. რიტმული იმპულსით, სიტყვათა ნაკადის მეტრულ-რიტმულად ურთიერთშეფარდებულ მონაკვეთებად - სალექსო სტრიქონებად დაყოფით (რომელიც უგულებელყოფს სინტაქსურ დაყოფას), თანმიმდევრულად გამოხატული ბგერითი სიმეტრიით, ემოციურ-ექსპრესიული ფოკუსირებით.
პოეზიის საწყისები სინკრეტიზმშია, როცა სიტყვები მუსიკა და ცეკვა ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. პოეზიისა და მუსიკის მჭიდრო კავშირი განპირობებულია მათი ძირითადი მასალის ბგერითი ბუნებით. ჩვეულებრივი მეტყველებისგან პოეზია განსხვავდება სიტყვების განსაკუთრებული წყობით, სადაც სინტაქსი ემორჩილება რიტმულ-ინტონაციურ პერიოდულობას, რაც სათანადო ფსიქოლოგიურ-ესთეტიკურ ეფექტს ქმნის.
პოეზია რენესანსის ეპოქამდე ბატონობდა, ხოლო მხატვრული პროზის ხელოვნებად ჩამოყალიბების შემდეგ იგი აგრძელებს მის პარალელურად არსებობას. ხშირია პროზასა და პოეზიას შორის შუალედური ჟანრებისა და ფორმების შექმნაც, მაგრამ მათ გამყოფად ყოველთვის რჩება ლექსის სტრიქონად ორგანიზებული მეტყველება, რიტმულ-ინტონაციური პერიოდულობა, რომელიც ნათლად აირეკლა ლექსითი მეტყველების ლათინურ სახელწოდებაში: versus – “უკან დაბრუნება” (იგულისხმება ლექსითი სტრიქონის უკან დაბრუნება ხელახალი, პერიოდული განმეორებისთვის).